29 წლის თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 68 წლის ქალს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
ბრალდების მხარე 68 წლის ქალს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ედავება, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქმის პროკურორმა მოსამართლის წინაშე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია. როგორც ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად, სასამართლოს წინაშე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პირობითი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება თავად ბრალდებულს, იგი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
გარდაცვლილის ოჯახი ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი ზომების მიღებას ითხოვს.
"უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელობისთვის, რა გირაო მოითხოვა ადვოკატმა, ან თავად როგორ აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს? უფრო მეტიც, ვიდრე სასიკვდილო დაზიანებას მიაყენებდნენ ჩემს შვილს, მანამდე 5 კაცი სცემდა, ხელის განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ, ამ ქალის შვილმა წამოიწყო ჩხუბი, ჯერ მან სცემა ჩემს შვილს, ის სად არის, რატომ გადამალეს, მანაც უნდა აგოს პასუხი, როგორც თანამონაწილემ“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ ბიჭიკო გვიმრაძემ.
ცნობისთვის, სოფელ კარბში, ორი კვირის წინ, თანასოფლელებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ჩხუბის დრო, 68 წლის ქალმა 29 წლის მამაკაცს ქვა ესროლა, რა დროსაც მამაკაცმა თავის არეში მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ქალა-ტვინის ტრავმის გამო გაკეთებული გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის და შემდგომი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.