ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში"

2022-07-07 15:24:55

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

მისი თქმით, ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე იღებენ.

"მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება - დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე", - თქვა კობახიძემ ბრიფინზე.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

"დარწმუნებული ვართ, ნაციონალურ მოძრაობას თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა", - დაამატა კობახიძემ.