თურქეთიდან დეპორტის მოხსნის წესები

2022-07-06 20:22:02

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის ივნისში თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადების დამრღვევ უცხოელთათვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა: თურქეთში შესვლაზე აკრძალვას, იგივე დეპორტს არ ექვემდებარება პირი, ვისაც სამ თვეზე ნაკლები ვადაგადაცილება აქვს, საკუთარი ნებით ტოვებს ქვეყანას და გასვლისას იხდის ჯარიმას.

ასევე დეპორტის გარეშე შეუძლიათ დატოვონ თურქეთი იმ პირებმა, ვისაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი, მიღებული აქვთ გაფრთხილება ქვეყნის დატოვების შესახებ, მაგრამ მათი ქვეყანაში არალეგალურად ყოფნა სამ თვეზე ნაკლებია. თუ ეს პირები დათქმულ ვადაში დატოვებენ ქვეყანას, გასვლისას გადაიხდიან მხოლოდ ჯარიმას და არ მიიღებენ დეპორტს.

ახალი კანონის თანახმად, პირი, რომელიც თურქეთში არალეგალურად სამ თვეზე მეტი ხნით იმყოფებოდა, მაგრამ საკუთარი ნებით ტოვებს ქვეყანას, საზღვარზე იხდის ჯარიმას. ჯარიმასთან ერთად მას გარკვეული პერიოდით ეკრძალება თურქეთში შესვლა.

თუ პირს სავიზო რეჟიმი დარღვეული აქვს 3 დან - 6 თვემდე, მას ერთი თვით აეკრძალება თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.
თუ პირს სავიზო რეჟიმი დარღვეული აქვს 6 თვიდან - 1 წლამდე, მას სამი თვით აეკრძალება თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.
თუ პირს სავიზო რეჟიმი დარღვეული აქვს 1 წლიდან - 2 წლამდე, მას 1 წლით აეკრძალება თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.
თუ პირს სავიზო რეჟიმი დარღვეული აქვს 2 წლიდან - 3 წლამდე, მას 2 წლით აეკრძალება თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.
თუ პირს სავიზო რეჟიმი დარღვეული აქვს 3 წელზე მეტი ხნით,  მას 5 წლით აეკრძალება თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა.