ძიძა 5 თვის განმავლობაში სახლში ჰყავდათ ჩაკეტილი

2022-07-06 17:11:19

სოციალურ ქსელში "ძიძების ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რამდენიმე დღის წინ, ასოციაციას დაუკავშირდა ძიძა, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში იყო დასაქმებული და დახმარებას ითხოვდა, რადგან სურვილის მიუხედავად, სახლის დატოვებას ვერ ახერხებდა.

"ძვირფასო ძიძებო, ძიძების ასოციაცია გაფრთხილებთ თბილისში, კავსაძის ქუჩაზე მოსახლე ოჯახის შესახებ, რომელიც ეძებს 24-საათიან ძიძას. იცოდეთ, რომ ოჯახში არსებობს თქვენი უფლებების შელახვის და ფიზიკური ზიანის საფრთხე. თუ მაინც გადაწყვეტთ მუშაობის დაწყებას, აუცილებლად გააფორმეთ ხელშეკრულება.

რამდენიმე დღის წინ ასოციაციას დაუკავშირდა ძიძა, რომელიც დასაქმებული იყო ამ ოჯახში და ითხოვა დახმარებას, რადგან იყო ჩაკეტილი და სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებდა სახლის დატოვებას.

- ჩვეულებრივ, მას სამუშაო დღე-ღამის მანძილზე არ ჰქონდა სახლის დატოვების, ან ბავშვის გასეირნების უფლება. 5 თვის განმავლობაში, ამ გრაფიკით იმუშავა 24-საათიან რეჟიმში და შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები;

- კვირაში 1 დასვენების დღე ხშირად იყო გამოყენებული ოჯახის მიერ, შეთანხმების და დამატებითი ანაზღაურების გარეშე;

- ბავშვთან ძიძა თითქმის მუდმივად მარტო იმყოფებოდა;

- თითქმის არასდროს ითვალისწინებდნენ ძიძის ნებას, სურვილს და უფლებებს;

- სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ 1 თვით ადრე გაფრთხილების მიუხედავად, ძიძას არ აძლევდნენ სახლის დატოვების უფლებას და განზრახ არ მიდიოდნენ სახლში, რომ მას არ დაეტოვებინა ბავშვი;

- ძიძა იმყოფებოდა მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის მდგომარეობაში და ამის გამო (კარის ჩამკეტი კოდის ცოდნის მიუხედავად), ვერ იღებდა სახლის დატოვების ან 112-ზე დარეკვის გადაწყვეტილებას;

- ძიძების ასოციაციამ მას გაუწია საჭირო კონსულტაცია. სატელეფონო კონტაქტით ფსიქოლოგიური მხარდაჭერის და დარწმუნების შედეგად, მოახერხა სახლიდან გამოსვლა და ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფება.

ამ ეტაპზე ასოციაცია შეგნებულად არ ასაჯაროებს ოჯახის ვინაობას.

თუ კიდევ ვინმე ხართ მსგავს პირობებში, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ მომართოთ ასოციაციას," - აღნიშნულია განცხადებაში.