საქართველოს კომუნიკაციების კომისია "მაგთის" და "სილქნეტის" მიერ გასულ კვირაში დაანონსებულ სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით ბაზრის ანალიზს ჩაატარებს. კომისიაში აცხადებენ, რომ ისინი ჩაატარებენ საბაზრო ანალიზს თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს მობილური ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფები ევროპის ქვეყნებში არსებულ ანალოგიურ ტარიფებს. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ამ კვლევის შედეგების შემდგომ, ისინი უკეთ შეაფასებენ, რამდენად ადეკვატური ფასდადება აქვთ დღეს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს.
გასული კვირის ბოლოს, როგორც "მაგთიმ" ასევე "სილქნეტმა" სამომხმარებლო ტარიფები გაზარდა. ცვლილება ძირითადად ულიმიტო ინტერნეტის ფასებს შეეხო.
"კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ ბაზარზე შეთავაზებული მომსახურებების პირობების ცვლილებას თვალყურს ადევნებს და აანალიზებს ბაზრის დინამიკას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად კომისია კანონით განსაზღვრულ ყველა საჭირო ზომას მიმართავს.
შპს "მაგთიკომისა" და სს "სილქნეტის" მხრიდან გასულ კვირას დაანონსებულ ტარიფების ცვლილებასაც კომისია დააკვირდება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს შესაბამის ქმედებებს. კერძოდ, კომისია ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნევს ჩაატაროს საქართველოში ტელეკომ ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფების ევროპის ქვეყნებში არსებულ ტარიფებთან შედარებითი ანალიზი, ე.წ ბენჩმარკინგის კვლევა. ბენჩმარკინგის კვლევა გულისხმობს დროის ერთსა და იმავე პერიოდში მობილური და ფიქსირებული მომსახურებების შესაბამისი სამომხმარებლო კალათების ფასების შედარებას. კვლევის შედეგები კომისიას შესაძლებლობას მისცემს შეაფასოს ბაზარზე არსებული ფასების ადეკვატურობა შეთავაზებულ პირობებთან მიმართებაში და სამომხმარებლო ტარიფების ხელმისაწვდომობა ევროპის ქვეყნებთან შედარებით.
ანალოგიური კვლევა კომისიამ 2020 წელს კომპანია "Strategy Analytics"-ის დახმარებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფასების შედარებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ კომპანია მაგთიკომს 2019 წლის 14 თებერვალს დაანონსებული ტარიფების ცვლილება შეუჩერა. მოგვიანებით, 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კი 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაუქმება მთლიანად შეუზღუდა, ვინაიდან კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით აღნიშნული პაკეტის გაუქმების ან გაძვირების საჭიროება არ არსებობდა. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს აღარ ჰქონდათ უფლება ტარიფების ცვლილება კომისიასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე განეხორციელებინათ. მოგვიანებით, ოპერატორების მომართვის საფუძველზე, შემდგომი თაობის ქსელში ინვესტიციების წახალისების მიზნით და პოსტ-პანდემიური მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით კომისიამ მათ სატარიფო მოქნილობა დაუბრუნა.
ამჟამადაც კომუნიკაციების კომისია როგორც ზემოთ მოგახსენეთ შეისწავლის საკითხს და ბენჩმარკინგის კვლევის ანგარიშის შედეგებიდან გამომდინარე, მიიღებს შესაბამის ზომებს," - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
"მაგთის" და "სილქნეტის" სატარიფო ცვლილება სხვადასხვა სერვისის მიხედვით, 5%-25%-ის ფარგლებშია.