რუსთავის შემოსასვლელის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები ქალქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მოინახულა.
როგორც ლაცაბიძემ განაცხადა, შემოსასვლელის იერსახის მოწესრიგების ძირითადი ეტაპი მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.
"რუსთავის შემოსასვლელი ძალიან მალე შეიცვლის მთლიანად იერსახეს. მოედნები, რომელიც გვხვდება ქალაქში, რეაბილიტირდება და კიდევ უფრო გალამაზდება. დღეს მერიის სამსახურებთან ერთად განვიხილავთ სწორედ დეტალებს, რომ სამუშაო პროცესში არ იყოს რაიმე ხარვეზები და რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად შესრულდეს თითოეული სამუშაო.
წლის ბოლომდე, სექტემბერ-ოქტომბრისთვის წესით ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებული უნდა გვქონდეს", - განაცხადა ლაცაბიძემ.
რუსთავის მერის თქმითვე, აღნიშნული სამუშაოებისთვის 4 700 000 ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელში არსებული თამარ მეფის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნები რეაბილიტირდება. მოედნების მიმდებარედ მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, რომლებიც სხვადასხვა სახის ხე-მცენარით გაფორმდება.
ქალაქის შემოსასვლელში მოხდება არსებული ყრილების მოსწორება, მკვეთრად ჩავარდნილი ზედაპირის ამოვსება, ნაყოფიერი მიწისა და გაზონის შეტანა, მიწის ქანობებზე ჯეობადეს (GEOweb) მოწყობა, ხე-მცენარეების დარგვა, რომელთა შორისაცაა 108 ცალი ირმის რქა, 196 ბროწეული, 1000 გაშლილი კვიპაროსი, 55 კედარი, 27 არიზონა, 115 ალვის ხე, 140 ლიგუსტრუმი, 73 ოქროსფერი მხედარი (გოლდრაიდერი), ასევე მოეწყობა დეკორატიული გაბიონები. რაც მთავარია, შემოსასვლელში გაკეთდება ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მარმარილოსა და კირქვის ნაფხვენის ნარევით დამზადებულ ასოების კომპლექტი. მოეწყობა სარწყავი სისტემაც.