"რუსთავის მერია 14 ავტომანქანას იყენებდა, როცა რეკომენდებული 8 იყო"

2022-04-16 11:31:53

რუსთავის მერია 14 სამორიგეო ავტომანქანას იყენებდა, მაშინ როცა რეკომენდებული 8 იყო.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია, რომელმაც რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობა შეისწავლა.

ანგარიშის მიხედვით 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტი საწვავს გასცემდა თანამშრომლების საკუთრებაში არსებულ 70-77 ავტომანქანაზე. სულ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯულია 263.9 ათასი ლიტრი საწვავი, საერთო ღირებულებით − 516.4 ათასი ლარი.

"რომ საქართველოს მთავრობისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. კარგი პრაქტიკის შესაბამისად, მუნიციპალურ სარგებლობაში არსებულ თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საწვავის ლიმიტი განისაზღვრება კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე.

თუმცა 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტი სარგებლობდა 14 ავტომანქანით. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი საწვავს გასცემდა თანამშრომლების საკუთრებაში არსებულ 70-77 ავტომანქანაზე. სულ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯულია 263.9 ათასი ლიტრი საწვავი, საერთო ღირებულებით − 516.4 ათასი ლარი. 53 მათ შორის, დასაქმებულების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯულია 185.6 ათასი ლიტრი საწვავი.

დასკვნა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით.

რეკომენდაცია №7 მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიასთან შეთანხმებით შეიმუშაოს წესი საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება მიღებულ კარგ პრაქტიკას, ხელს შეუწყობს საწვავის ხარჯების რაციონალიზაციას",- ნათქვამია ანგარიშში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები