უკრაინაში, ენმ-ის შესაძლო პროვოკაციებზე სუს-მა გამოძიება დაიწყო

2022-04-15 19:24:45

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც სუს-ში განაცხადეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

"ინფორმაცია უწყების მიერ დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს", - განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, ქართული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ არის ჩართული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში.