ქუჩებში ავტომობილების გამონაბოლქვის მონიტორინგის დაწყება იგეგმება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ორი საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება, მათ შორის გაზაფხულზე დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის მიხედვით ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმა გაიზრდება და ის ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ტექინსპექტირების გავლის საფასური. ამის შესახებ ბითაძემ, BM.GE-სთან ისაუბრა.
ბითაძე საუბრობს გამონაბოლქვის ვიზუალური შემოწმების დანერგვაზეც. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ჭკვიან კამერებთან ერთად ავტომობილებს გააკონტროლებენ შესაბამისი პირები, რომლებიც დეტექტორებით იქნებიან აღჭურვილი.
“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ საბიუჯეტო მიმართულებით გაძლიერდეს ის უწყება, რომელიც ვიზუალურ კონტროლს განახორციელებს და რეაგირებას გააკეთებს გამონაბოლქვზე. ამ შემთხვევაში უფრო კომპლექსური სამუშაოა, იმიტომ რომ უნდა განვსაზღვროთ ვინ იქნება მაკონტროლებელი, საპატრული პოლიცია, გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები თუ მუნიციპალური ზედამხეველობის ორგანოები. მას შემდეგ რაც განისაზღვრება ვინ იქნება მაკონტროლებელი, ეს ადამიანები უნდა აღიჭურვონ შესაბამისი მოწყობილობებით", - ამბობს გარემოს დაცვისა და აცხადებს ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.