"4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა"

2022-03-26 12:13:21

თებერვლის თვეში ჩატარებულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით 4 ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"პროფესიული განვითარების საბჭო  თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას.

განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით საბჭო უფლებამოსილია სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს  პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.

თებერვლის თვეში ჩატარებულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა 9 საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ექიმს  სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.

სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კიდევ 4 ექიმს და დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. 14 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.

პაციენტთათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, სამედიცინო გადაცდომებისა და არაპროფესიონალური ქმედებების აღკვეთის  მიზნით, პროფესიული განვითარების  საბჭო, კანონის სრული დაცვით  განაგრძობს თავისი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას. საბჭოს სხდომა თვეში ერთხელ იმართება",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.