დაპირისპირება კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან

2022-03-22 18:31:51

ქობულეთში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართული საპროტესტო აქცია ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია მანამდე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართეს, შემდეგ კი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს.

ადგილობრივები უკრაინის მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ და ამავდროულად, პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ, რა დროსაც ოფისში მყოფი პირები გამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც ადგილობრივები, ასევე „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები.