"სანქციები არ არის ეფექტური"

2022-02-28 12:45:13

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა განცხადების დიდი ნაწილი 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს დაუთმო და თქვა, რომ ოპოზიციის მიზანი საქართველოში ისევ ომის დაწყებაა.

"რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებები და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამის თაობაზე გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია და გამოვუცხადეთ მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე.

ასევე, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინას. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ვერ დაბრუნდნენ უკან ომის გამო, მათ უფასოდ მიეწოდებათ ყველა სერვისი.

ჩვენ ხაზგასმით გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ.

ვაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს. ის, რაც უკრაინაში ხდება ჩვენ გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე. ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი, რადგან ყველაფერში საკუთარ ანგარებას ხედავენ. მათი მიზანია, რომ განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ გვახსოვს, როგორ მოიქცა მაშინ ჩვენი მთავარსარდალი და როგორ აჩვენა მსოფლიოს მხდალი სახე, ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით. მაშინ იომა ჩვენმა გმირულმა ჯარმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და შემდეგ დაბრუნდნენ. და დღეს მტერი გვიკიჟინებს, რომ თურმე ჩავერთოთ ომში და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში.

ჩვენს მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ თუმცა დარწმუნებული ვარ კარგად აქვთ გააზრებული რისკები რაც არსებობს, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი შეიძლება ვთქვათ, რომ არავინ არ არის.

სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ამ სიტუიაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ, როგორც ხელისუფალი, რომელიც პასუხისმგებელი ვართ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, გავაკეთებთ იმას, რაც არ შეეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერებს, მიუხედავად ოპოზიციის ნარატივისა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.