გერმანიაში დასაქმების პროგრამის ფარგლებში წელს 5000-მდე ქართველი დასაქმდება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.
"გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმება არ არის დროში შეზღუდული და აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმება გაგრძელდება როგორც 2022, ასევე მომდევნო წლებშიც. ზოგადად შეთანხმება იძლევა წლის განმავლობაში მაქსიმუმ 5000 პირის დასაქმების შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული ცხადია დამოკიდებული იქნება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებულ ვაკანსიებზე და იმაზე თუ საქართველოს რამდენი მოქალაქე მიიღებს ამ შეთავაზებას",- აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეთა კრიტერიუმები არ შეცვლილა.
პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ასაკი 18-დან 60 წლამდე;
დასაქმების თარიღიდან 3 თვით ადრე არ უნდა ქონდეს პირს ევროკავშირის/შენგენის ზონაში ყოფნის ისტორია;
ფიზიკურად ჯანმრთელი;
აუცილებელია გამოცდილება მოსავლის აღების, თუ სოფლის მეურნეობის სფეროს სხვა მიმართულებით მუშაობის თვალსაზრისით;
სასურველია გერმანული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა;
არ უნდა არსებობდეს დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც უზღუდავს პირს ევროკავშირის/შენგენის სივრცეში შესვლას.
პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს შესაბამის ელექტრონულ პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/