ხმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან

2022-02-22 11:52:28

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაური და დაპირისპირება იყო.

ადგილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ ასევე, შენობაში პრემიერის შეცილება ბანერების და შეძახილების ფონზე სურდათ, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა აქციის 8 მონაწილე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

მოძრაობა საქართველოს წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება არ ეძლევათ, რაც მისივე თქმით, "შემდგარი რუსული დიქტატურაა".

"ეს არის შემდგარი რუსული დიქტატურა, სადაც ადამიანებს ელემენტარულად არ ეძლევათ საშუალება გამოხატონ საკუთარი აზრი. ეს დაკავებები ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება შეშინებულია", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.