შესაძლოა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების პერიოდი შეიცვალოს

2022-02-16 13:28:36

შესაძლოა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დროზე ადრე დაიწყოს. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებაა.

რეკომნდაციას სკოლების დროზე ადრე დახურვის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე გასცემს.

„ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს იმიტომ, რომ ამას შემდგომში არდადეგები მოსდევს. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან“- განაცხადა ტაბიძემ.

მისი შეფასებით, ზოგადი ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა ძალიან მძიმე ნაბიჯებით. რაც შეეხება გარდაცვალების რაოდენობას, დევი ტაბიძის თქმით, ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით უცვლელია.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ იქნება კოვიდ ინფექციის დასასრული. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს დაავადება გადავიდეს გარკვეული ენდემიური დაავადების ფორმაში. გავიხსენოთ ადრე ნათქვამი ჩვენივე მოსაზრება, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა ტაბიძემ.