რუსთავში ახალგაზრდა გოგო მოიტაცეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 25 წლამდე ექთანი, ბიჭის ახლობლებმა და ნათესავმა ქალებმა, სამსახურიდან, ერთერთი კლინიკიდან მოტყუებით გაიყვანეს და გაჩიანში, სასიძოს სახლში წაიყვანეს, სადაც ის გამოკეტეს.
მალევე ბინაში სასიძოც გამოჩნდა. 30 წლამდე მამაკაცმა გოგონას უთხრა, რომ მის ცოლად მოყვანას აპირებდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დაოჯახება არ სურდა, რის გამოც სახლიდან გაქცევაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.
გოგონას სახლში არ გამოცხადების შემდეგ მშობლებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს. დაიწყო სამძებრო სამუშაოები, თუმცა მამაკაცის ახლობლებმა პოლიციისთვის კვალის არევის მიზნით გოგო სხვა სოფელში, ნათესავის სახლში, გადამალეს.
რუსთავის პოლიციის თანამშრომლები კვალზე დროულად გავიდნენ და დაადგინეს სახლი, სადაც გატაცებულ გოგოს მალავდნენ.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დაკავებულია სასიძო, ასევე სასიძოს და, პასუხისგებაში მიეცა მოტაცების ხელშემწყობი პირი, ხოლო 2 პირზე გამოცხადდა ძებნა.