დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხი დადგება ის და მისი უწყება მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და პირადად მე არ დავუჭერდი მხარს ე.წ.მწვანე ბარათების გაუქმების საკითხის განხილვას. ასევე იდგა საკითხი და სოციალურ ქსელშიც იყო განხილვა, რომ დაწესებულებებში შესვლისას თერმოსკრინინგი გაუქმდეს. ეს ორივე მექანიზმი და განსაკუთრებით „მწვანე ბარათი“ პანდემიის და ეპიდემიის დროს გარკვეულწილად წესრიგის დამყარების საშუალებაა და შესაბამისად, ქცევის ერთ-ერთი ინდიკატორიც. ამიტომ ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია „მწვანე ბარათის“ გაუქმებაზე, რადგან მწვანე ბარათით მოგეთხოვებათ, რომ იყოთ აცრილი, ასევე მოგეთხოვებათ, რომ რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობისას, ან სამასპინძლო დაწესებულებაში შესვლისას არ იყოთ ინფიცირებული, ამით გარკვეული წესრიგი მყარდება, რასაც პანდემიის და ეპიდემიის მართვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე, გაუქმებას მე მხარს არ დავუჭერდი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გარდა ამისა, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პირებმა, რომლებსაც სააფთიაქო ქსელებში ნაყიდი ტესტით კორონავირუსი უდასტურდებათ, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კოვიდდადასტურებულთა ბაზაში ვერ მოხვდებიან და ე.წ. მწვანე ბარათიც არ ექნებათ.