პოლიციელმა თბილისში მოქალაქეს სცემა. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი, რომელმაც ძალადობის ფაქტი გადაიღო.
ვიდეოკადრები "TV პირველმა" გაავრცელა. კადრებში ისმის ისიც, რომ პოლიციას ეუბნებიან, რომ მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ეუბნება პოლიციელი მოქალაქეს.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.
მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.