18 წლის ბიჭმა 6000 ლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა

2022-01-18 17:23:58

18 წლის ალთაი ფაშაევმა თბილისში, ქუჩაში საფულე იპოვა, რომელშიც 6000 ლარი იდო.

ახალგაზრდა ბიჭმა საფულე პოლიციის განყოფილებაში მიიტანა და იქამდე არ წასულა, სანამ სამართალდამცავებმა თანხის მეპატრონე არ იპოვეს.

"სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. საფულე დავინახე, რომელიც ძირს ეგდო, ავიღე გავხსენი და შიგნით დიდი თანხა იყო. პოლიციაში წავიღე და ვიდრე ფულის პატრონი არ მოვიდა, იქიდან ფეხი არ მოვიცვალე“, - ამბობს ალთაი.

საფულის მეპატრონე, ციცი ხოტენაშვილი ამბობს, რომ თანხის დაკარგვა არც კი შეუმჩნევია და მოულოდნელი იყო ამ ამბის გაგება.

"მანქანაში რომ ჩავჯექი, თანხა საფულეში ჩავდე. საფულე, მეგონა, ჩანთაში ჩავიდე, მაგრამ ქურთუკსა და ჩანთას შორის ჩამვარდნია და მანქანიდან რომ გადმოვედი, ძირს დამივარდა, თუმცა თანხის დაკარგვის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემი შვილი არასრულწლოვანია და მისი მობილურის ნომერი ჩემს სახელზეა. ბავშვი მეგობართან მყავდა დატოვებული და პოლიციამ მის ნომერზე დარეკა. მეგობარმა დამირეკა და შემატყობინა, რომ საფულე დაკარგული მქონდა. ხალხო, ლამის მოვკვდი, შოკში ვიყავი. პოლიციაში რომ დავრეკე მითხრეს, - საფულე, ფულთან ერთად, ახალგაზრდა კაცმა იპოვა და პოლიციაში მოიტანაო... სიხარულისგან ვკანკალებდი, ვკიოდი, ვწიოდი. თან ვფიქრობდი, ვინ არის ის კეთილი ადამიანი, ვინც ეს თანხა იპოვა-მეთქი. ხომ შეიძლებოდა ცდუნებისთვის ვერ გაეძლო. ეს ადამიანი ჩემი გმირია. მას ყველა უნდა იცნობდეს,“ - ამბობს ციცი ხოტენაშვილი.

წყარო: ambebi.ge