პუტინის დანაშაულებრივი დაჯგუფება „ვაგნერი“ დასავლეთის წყრომას ისევ იმსახურებს

2021-12-24 17:28:19

პუტინის დანაშაულებრივი დაჯგუფება „ვაგნერი“ დასავლეთის წყრომას ისევ იმსახურებს.

რუსული უკანონო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ საქმიანობა დასავლეთის სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა. ევროპის 16 სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რითაც პუტინის მიერ მართული „ვაგნერი“ ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს. საუბარია კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლთა ყოფნაზე  აფრიკაში, კერძოდ მალიში. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფებების განთავსებას მალის ტერიტორიაზე. მათი ყოფნა გამოიწვევს მხოლოდ ვითარების გაუარესებას  დასავლეთ აფრიკაში, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით მოახდენს სიტუაციის გართულებას და ხელს შეუშლის საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობას დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა“-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის და სხვა ქვეყნების სახელით 23 დეკემბერს გამოქვეყნდა. ამას გარდა, დასავლეთი წუხს იმის გამო, რომ „მალის გარდამავალი მთავრობა იყენებს ისედაც მიზერულ ბიუჯეტს უცხოელი დაქირავებული მებრძოლეების ანაზღაურებისთვის იმის მაგივრად, რომ საკუთარი ჯარი შეინახოს. განცხადების ავტორები მკაფიოდ აფიქსირებენ იმ ფაქტს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლთა მატერიალურ მხარდაჭერას რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს. გერმანია და სხვა ქვეყნები ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებენ აფრიკის ამ რეგიონში პასუხისმგებლიან და კონსტრუქციულ საქმიანობაზე გადავიდეს.  

ვლადიმერ პუტინის „მზარეულად“ ცნობილი ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ „ვაგნერს“ კრემლი სწორედ იმ ქვეყნებში იყენებს, სადაც საკუთარ ოფიციალურ არმიას ვერ გზავნის. კერძო სამხედრო დაჯგუფების შექმნა და საქმიანობა რუსეთის კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის პრიგოჟინს და რუსეთის სპეცსამსახურებს იმაში, რომ რუსი დაქირავებული მებრძოლები გაწვრთნან, დაასაქმონ და შემდეგ სხვა და სხვა ქვეყნებში გააგზავნონ. სწორედ „ვაგნერის“ მებრძოლებს იყენებდა დანაშაულებრივად კრემლი უკრაინაში, სირიაში, ცარ-ში, ლიბიაში და ახლა იგივე ხდება მალიშიც. „ვაგნერის“ მსგავს დაჯგუფებებს, სადაც ცივ სისხლიანი და ყველაფერზე წამსვლელი დაქირავებული მებრძოლები არიან გაერთიანებულნი,  პუტინი იყენებს იმისთვის, რომ თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გეგმები აღასრულოს.
რაც შეეხება მალიში არსებულ სიტუაციას, რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ცნობები, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ რუს დაქირავებულ ბოევიკებთან კონტრაქტი დადო. მაშინ, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები მოუწოდებდნენ კრემლს უარი ეთქვა მსგავს ქმედებებზე, რუსეთის ოფიციალური პირები გამალებით უარყოფდნენ მომხდარს. თუმცა, მოგვიანებით სერგეი ლავროვს მოუწია იმის  დადასტურება, რომ მალის ხელისუფლებამ კერძო რუსულ სამხედრო კომპანიას ტერორისტებთან საბრძოლველად დახმარება მართლაც სთხოვა. მალევე, ევროკავშირმა „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ასევე, სანქციების ქვეშ მოექცა რვა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც „ვაგნერთან“ დაკავშირებულნი არიან, მათი აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყინეს.

დიდი დროის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინი და მასთან დაახლოებული პირები ცდილობდნენ დაემალათ ის, თუ რას აკეთებდნენ „ვაგნერის“ მეშვეობით, რამდენ დანაშაულებებს სჩადიოდნენ მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში. როგორც ჩანს, ახლა ეს დრო უბრალოდ დამთავრდა.