ამირან გამყრელიძე სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

2021-11-16 13:48:28

ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილის დაჟინებით მოუწოდებს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელი სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პაციენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ სად უნდა გაეწიოს მას სამედიცინო დახმარება, აღნიშნული გადაწყვეტილება გაფართოებულმა კონსილიუმმა უნდა მიიღოს.

"ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა უკვე, რომ ის გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და როცა ჩვენ ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, იქნება ეს უმაღლესი თანამდებობის, დაბალი თანამდებობის, ჩვენ არ ვანსხვავებთ რასობრივი, სქესობრივი და ა.შ. ნიშნებით ადამიანებს, მათ შორის არც თანამდებობრივი, პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება.

მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი 2001 წელს მიღებული პაციენტის უფლებების შესახებ კანონის საქართველოში, სადაც პაციენტის უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე უზენაესი და მას უნდა უტარდებოდეს ყველა ტიპის საჭირო სამედიცინო დახმარება. ამავე დროს, მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც საქართველოში გააუქმა სიკვდილით დასჯა.

რა თქმა უნდა, მე როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა თანამდებობის პირი, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები.

ჩემი წინადადება და სურვილი არის პირველი მოწოდება, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა და დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას, მათ თქვან, რა ტიპის ჯადაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება მას, რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს. თუ შეიძლება პოლიტიკოსებმა, მედიამ, გვერდზე გავწიოთ ეს პოლიტიკური საკითხები და დავკონცენტრირდეთ ჯანდაცვით საკითხებზე და ამის გადაწყვეტილება მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს", - განაცხადა გამყრელიძემ.