რუსთავთან ახლოს წიაღის უკანონოდ მოპოვება მიმდინარეობდა

2021-11-11 18:07:13

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, წიაღის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას, სამართალდარღვევა გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა.

კერძოდ, სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსკავატორების მეშვეობით წიაღით სარგებლობის ფაქტი ხორციელდებოდა.

"გამონამუშევარი სივრცის და ტრაქტორების დგომის ადგილების გადამოწმებისას დადგინდა, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა. ასევე, ერთ-ერთი იურიდიული პირი სოფელ ხაშმის/მუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიშა-ხრეშის მოპოვებას კუთვნილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის კონტურს გარეთ, სამთო მინაკუთვნიდან 25 მეტრის დაშორებით ახორციელებდა.

წიაღის ეროვნული სააგენტომ, ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შემდგომი რეაგირების მიზნით, ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების საქმიანობა. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც წიაღის მოპოვება ლიცენზიის გარეშე ხორციელდება, მათი შესწავლა სცილდება სააგენტოს უფლებამოსილებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინფო რუსთავმა" რუსთავთან ახლოს ბუნების განადგურების ფაქტი არაერთხელ გააშუქა.