საწარმოში მუშა გარდაიცვალა

2021-10-17 13:45:31

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.

"შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს თანამშრომელთა ბრიგადა სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა ქარხნის ერთ-ერთ ძველ ობიექტზე.

სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების  დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი.

მაქსიმალურად ვეცდებით დადგინდეს მომხდარი ფაქტის მიზეზები და სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს შესაბამისი რეაგირება",- აცხადებს დარგობრივი პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.