თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე წუთირი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმის ტრაგედიით გარდაცვლილებს.
ამის შემდეგ სცენაზე მომღერალი ლექს-სენი გამოვიდა, სიტყვით მიმართა შეკრებილებს, რის შემდეგაც მუსიკალური ნომერი შეასრულა.
ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებს “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა.
“მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე, დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ.
ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდით შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ”, - წერს სააკაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბა, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს.
აქცია გაერთიანებულია ლოზუნგის გარშემო - “თავისუფლება მიშას”.