აქცია სახელწოდებით -"თავისუფლება მიშას"

2021-10-14 18:22:55

“თავისუფლება მიშას” - ამ სახელწოდებით თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იწყება.

აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ამ მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ასობით მოქალაქე ჩამოვიდა. ისინი აქციაზე საქართველოს დროშებით, ასევე ამერიკის და ევროკავშირის სიმბოლიკითა და სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებით არიან მისული.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე ჩაიარეს და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მოქალაქეები ასევე ორბელიანის მოედანზეც შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

თავისუფლების მოედანზე ნაციონალური მოძრაობის წევრები უკვე იმყოფებიან. ისინი ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. აქციას სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეებიც უერთდებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.