ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის. მეოთხე ტალღა ვერ შეაჩერეს. რა არის მიზეზი?! - არჩევნები! - ამის შესახებ facebook ჩართვაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
ფხაკძის შეფასებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყოველ დღე 40-მდე ადამიანის გარდაცვალება გენოციდის ტოლფასია.
ამასთან, ექსპერტი იანვრის თვეში რთულ მეხუთე ტალღას პროგნოზირებს.
"იმის ნაცვლად, რომ 3-5 გარდაცვლილი გვყავდეს, 30 ადამიანი გვეღუპება ყოველდღე. ეს არის საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. თავის დროზე აფხაზეთში - რუსებმა და აფხაზებმა, ცხინვალის რეგიონში - რუსებმა და ოსებმა ხომ გაგვიკეთეს გენოციდი, ახლა კი საქართველოში ვერმართული პანდემიის სახით ჩუმი გენოციდი მიმდინარეობს.
დღეში 30-40 ადამიანი გვეღუპება და ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნილია, ხალხის უმრავლესობა უპირბადოდ დადის და ა.შ.... ზოგადად, ეს ქვეყანა ბოლო 30 წელიწადია, ვერ ჩამოყალიბდა. აქ ფული და გავლენები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალიზმი, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ.
გახსოვთ ჩემი პროგნოზი, რომ გეუბნებოდით, იანვარში რთული მეხუთე ტალღა გვექნება-თქო?! ახლა რაც ქვეყანაში ხდება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. გავიგე - არასტაბილური ქვეყანა ვართ, გავიგე - დემოკრატია ჯერ კიდევ მშობიარობის პროცესშია, მაგრამ არალოგიკურობა როდემდე?!
ვაქცინაციის ლატარია არის აბსურდი. სხვათა შორის, თავის დროზე ბატონმა გია ხუხაშვილმა თქვა, კარგი იქნება, წასახალისებლად ხალხს ვაჩუქოთ მანქანა, ბინა, სარეცხის მანქანა, ნივთებიო. მე დავამატებდი, სახელმწიფო კი არ უნდა ჩარეულიყო ვაქცინაციის ლატარიაში, არამედ ბიზნესის აქტიური ჩართულობა უნდა უზრუნველეყოთ, ფსიქოლოგიურად მეტი სტიმული და ეფექტურობა იქნებოდა ნივთების გადაცემით, ვიდრე ამ 50-100 ლარით" - ამბობს ფხაკაძე