პური გაძვირდა

2021-10-11 12:20:17

ფქვილის და პურის ადგილობრივი მწარმოებლები პირველადი მოხმარების პროდუქტის - პურის შესაძლო გაძვირების შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ. ასოციაციების ხელმძღვანელები ამ მოლოდინის უმთავრეს მიზეზად რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ მცურავ ბაჟს ასახელებდნენ, რომელიც ზაფხულის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამან გავლენა საქართველოში ფქვილის ფასზეც იქონია და იმ დროისთვის 1 ტომარა ფქვილს წისქვილკომბინატები დაახლოებით 67 ლარად ყიდდნენ. ადგილობრივი მწარმოებლების მიერ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ დაახლოებით 1 თვე გავიდა და როგორც ირკვევა პურის გაძვირება მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

პურის მწარმოებელი კომპანია „ოშხნელი და ვაჟების“ დამფუძნებელი ირაკლი ოშხნელის თქმით, პურის ფასი დახლზე დაახლოებით 20 თეთრით გაიზარდა.

„კონკრეტულად ჩვენს წარმოებაში პურის ფასის გაზრდა დაახლოებით 10 თეთრით მოგვიწია, თუმცა ამას ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებიც ემატება და მაღაზიებში პური გუშინდელი დღიდან 20 თეთრით არის გაძვირებული. მიზეზი ფქვილის ღირებულებაა, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი. გარდა ამისა პურის ცხობისათვის საჭირო სხვა პროდუქტების ფასიც თითქმის ყოველდღიურად იზრდება.

პურის გაძვირების სურვილი მეწარმეებს არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გაძვირდა - ფქვილი, მარილი, საფუარი, წყალი... კატასტროფა ხდება. ჩვენი წარმოება სრულად ნედლეულის და ენერგომატარებლების ღირებულებაზეა დამოკიდებული. მომატებული ღირებულებითაც კი მოგებაზე საუბარი ზედმეტია“, - განმარტა მწარმოებელმა.

აღსანიშნავია, რომ პურზე ფასის ზრდა ფიქსირდება სხვა რეგიონებშიც. როგორც BM.GE-ს მოქალაქეები ეუბნებიან, ფასი პურზე 10-დან 20 თეთრის ფარგლებშია მომატებული.

„ოშხნელი და ვაჟების“ პურით ხაშური და მცირე მოცულობით ბორჯომი მარაგდება. მხოლოდ საცხობში 20 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ხელმძღვანელს პურის ფასის ცვლილების შესახებ პროგნოზების გაკეთება უჭირს და აღნიშნავს, რომ მწარმოებლები ზარალზე მუშაობენ.

„დღემდე ძველი რესურსების ხარჯზე ვინარჩუნებდით საბოლოო პროდუქტებზე ფასს და სანამ 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 66-67 ლარი იყო არ ვაძვირებდით. ზარალზე ვიყავით, თუმცა ფასები შევინარჩუნეთ. ახლა ამის გაკეთება შეუძლებელია. დღეს 1 ტომარა ფქვილის შეძენა 73-75 ლარი გვიჯდება, ამიტომ 60 თეთრიანი პური მაღაზიაში დღეს უკვე 80 თეთრად იყიდება“, - განმარტა ირაკლი ოშხნელმა.

„ლიტვური საცხობის“ პური 10-15%-ით გაძვირდება, - ამის შესახებ განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ხუციშვილმა გააკეთა.

ის ვერ აკონკრეტებს დროს, თუ როდიდან გაძვირდება მათ მიერ წარმოებული პური, თუმცა ამბობს, რომ ამისთვის მზადება მიმდინარეობს.

როგორც თინა ხუციშვილი განმარტავს, პურის ფასის მატება არა მხოლოდ ფქვილის გაძვირებას, არამედ კომუნალური გადასახადების გაზრდილ ხარჯს და პურის შესაფუთი მასალების გაძვირებას უკავშირდება.

„პურის გაძირებას ვგეგმავთ, საშუალოდ 10-15%-ის ფარგლებში, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. ბოლო 3-4 თვის წინ, თუკი ერთი პურის შესაფუთი პაკეტი ღირდა 5-6-7 თეთრი, ახლა ეს ფასი მერყეობს 12-13 თეთრის ფარგლებში. შეფუთვა იგივე გვაქვს, უბრალოდ მასალა გაძვირდა. ფქვილთან ერთად გაძვირდა მასალა, სხვა ინგრედიენტები, კომუნალურები. ძალიან არ გვინდა, თუმცა ფასებს ჩვენც გადავხედავთ“, - განაცხადა თინა ხუციშვილმა.

ის, რომ პურ-პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, ამაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც. სექტემბერში ქვეყანაში ფასები წლიურად 12.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 15.9%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა. სხვა პროდუქტებთან ერთად პური და პურპროდუქტები 13.2%-ით გაძვირდა.