ბათუმში, ნანგრევებში მე-9 გარდაცვლილი იპოვეს

2021-10-09 19:14:04

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებში მაშველებმა მე-9 ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით ცხედრის პოვნის შემდეგ სამაშველო სამუშაოები შეჩერდა.

"მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. მძიმე სიტუაციაა. 9 ადამიანია გარდაცვლილი. უმძიმესი დღე იყო გუშინაც და დღესაც. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“,- განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად 9 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.