ჯერჯერობით, ერთადერთი ვაქცინა, რომელსაც ბუსტერ დოზისთვის გამოიყენებენ, Pfizer-ია. მესამე დოზით ვაქცინაცია სხვადასხვა ქვეყანამ განსხვავებული მოდელით დაიწყო. მაგალითად, აშშ ე.წ. ბუსტერს იყენებს 65 წლის ასაკის ზემოთ და 18-65 წლამდე მათთვის, ვინც სამსახურეობრივი რისკის ქვეშ დგას. ისრაელმა კი უნივესალური მიდგომა აირჩია.
რა მოდელს აირჩევს საქართველო, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი მესამე დოზების გამოყენების საკითხს აქტიურად განიხილავს.
ექიმების ნაწილს მიაჩნია, რომ ჯერ ქვეყნისთვის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება ნაადრევი იქნება.
შესაძლებელია თუ არა Astrazeneca-თი, ან ჩინური პრეპარატით აცრილებმა Pfizer-ის ბუსტერ დოზა გაიკეთონ - ნორვეგიაში ქართველი ექიმი ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამდე, კვლევებია საჭირო.
ევროპის წამლების სააგენტო Pfizer-ის ბუსტერ დოზის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს მიიღებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება „ბუსტერ“, ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი განიხილება და მას შემდეგ გადაწყდება, რაც ქვეყანა ორჯერადად აცრების რაოდენობით გარკვეულ ზღვარს მიუახლოვდება.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველო არ დაელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.
„ეს საკითხი იხილება იმუნიზაციის საბჭოს სამეცნიერო კომიტეტის მიერ და ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება "ბუსტერ" ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ მას შემდეგ, რაც ორჯერადი ვაქცინაციის გარკვეულ ზღვარზე ავალთ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ეს თვითონ ქვეყნის გადასაწყვეტია. ამაზე მსჯელობს სამეცნიერო კომიტეტი და ვფიქრობ მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ზოგადად, "ბუსტერ" დოზა საჭირო გახდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.