2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს დეპუტატებს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.
საკრებულოს დეპუტატი შეიძლება იყოს არჩეული როგორც პროპორციული (ანუ პარტიული სიით), ისე მაჟორიტარული სისტემითაც (ინდივიდუალურად). მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება პარტიამაც წარადგინოს (პარტიული კანდიდატი) და საინიციატივო ჯგუფმაც (უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი). ის უნდა იყოს, სულ ცოტა, 21 წლის.
არჩევნებში გამარჯვებისთვის საკრებულოს დეპუტატებს საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ სჭირდებათ. პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებშიც გამარჯვებულად ის პარტია და კანდიდატი ითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმებს მიიღებს.
იმის გამო, რომ საქართველოს რეგიონებში კერძო და არასამთავრობო სექტორი ნაკლებად განვითარებულია, საკრებულოს დეპუტატები ხშირად საბიუჯეტო დაწესებულების თანამშრომლები არიან ხოლმე - ეგრეთ წოდებული ადგილობრივი ელიტა, მაგალითად, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ექიმები და სხვა.
საკრებულოში დეპუტატების უმრავლესობა საზოგადოებრივ საწყისებზე, უხელფასოდ მუშაობს. ასეთ დეპუტატებს სხვაგან მუშაობის უფლებაც აქვთ. მათ ბიუჯეტიდან მხოლოდ სამეურნეო ხარჯებს უნაზღაურებენ, მაგრამ ასეთი ხარჯების პრემიების და დანამატების სახით ანაზღაურება კანონით აკრძალულია. ხელფასები მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებს აქვთ. ესენი არიან საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეები, რომლებსაც საკრებულოს დაკომპლექტების შემდეგ დეპუტატები ირჩევენ.
საკრებულოს დეპუტატების უფლებამოსილებები ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირია. მათი საქმიანობის მთავარი არსი ისაა, რომ გამორჩეულად ლოკალური საკითხებით არიან დაკავებულები და მერის საქმიანობის მაკონტროლებლების ფუნქციას ასრულებენ. წყვეტენ იმას, თუ რაზე დახარჯონ ბიუჯეტი, განაგებენ მუნიციპალური ქონების, საწარმოების და დაწესებულებების ბედს, განსაზღვრავენ ადგილობრივ გადასახადებს, მოსაკრებლებს და ასე შემდეგ.
საქართველოში თვითმმართველობებს სამართლებრივად საკმაოდ დიდი უფლებები აქვთ. თუმცა თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხს ფინანსური სიძლიერე განაპირობებს. გარდა იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სუსტია, ფინანსური დეცენტრალიზაციის ის ფორმულა, რომელიც დღეს საქართველოში თვითმმართველობებთან დაკავშირებით მუშაობს, სადავოა (მაგალითად, რა გადასახადი უნდა რჩებოდეს ადგილზე და რა მიდიოდეს ცენტრალურ ბიჯეტში) და სპეციალისტების თქმით, მუნიციპალიტეტების რეალურ განვითარებას აფერხებს.