სააგიტაციო მასალა რუსთავში, აკრძალულ ადგილებში

2021-09-16 20:52:15

რუსთავში, სააგიტაციო მასალის აკრძალულ ადგილებში განთავსების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი ფაქტი დაფიქისრდა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე, სადაც გარე-განათების ბოძოებზე პარტიის "სტრატეგია აღმაშნებელი - მესამე ძალა" სააგიტაციო მასალაა გამოკრული.

როგორც მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსმა, დავით წიკლაურმა განაცხადა, დარღვევის ფაქტებზე უკვე დაწყებულია რეაგირება.

"საკრებულოს განკარგულების შესაბამისად, გამოყოფილია ქალაქის მასშტაბით ადგილები, სადაც განთავსებულია ბანერები და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს უფლება აქვთ გააკრან თავიანთი სააგიტაციო მასალა. ასევე, ამ განკარგულებაში გაწერილია ადგილები, სადაც არ შეიძლება მასალის გაკვრა. თუ ასეთ ადგილებში მოხდება გაკვრა და ჩვენ დავაფიქსირებთ, შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას, რაც გულისხმობს დამრღვევი პარტიის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, რომელიც ითვალისწინებს 50 ლარიან ჯარიმას და შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაგზავნას. ჩაინიშნება სხდომა და მოსამართლე გადაწყვეტს დაჯარიმება არდაჯარიმების საკითხს. პირველ ჯერზე 50 ლარიანი ჯარიმაა, განმეორებითზე 500 ლარიანი.

ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ხიდთან დაკავშირებით, კიდევ სხვა ადგილებთან დაკავშირებითაც, რაზეც უკვე დაწყებული გვაქვს რეაგირება. ცენტრალური გამზირია და აკრძალულია გაკვრა. გარე განათების ბოძებზე გაკვრა შეიძლება მხოლოდდამხოლოდ შიდა უბნებში და ეგ შიდა უბანი ნამდვილად არ არის", - აცხადებს წიკლაური.

იმ ლოკაციების ჩამონათვალი, სადაც ნებადართულია და სადაც ნებადართული არ არის სააგიტაციო მასალის განთავსება, იხილეთ მითითებულ ბმულზე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები