13 სექტემბრიდან ქვეყანაში ვაქცინაციის წასახალისებლად აცრილი მოქალაქეებისთვის ყოველდღიური ლატარია იწყება. მისი ჯამური საპრიზო ფონდი 2 მილიონ 800 ათასი ლარი იქნება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, "აიცერი და მოიგეს" პირველი გამარჯვებული 14 სექტემბერს 12:00 საათზე გამოვლინდება.
"პირველი გამარჯვებული გამოვლინდება დღევანდელი დღის ჩათვლით ყველა ვაქცინირებული ადამიანებიდან. შესაბამისი მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის, რომელიც ხვალ, 12 საათზე განახორციელებს პირველ გათამაშებას.
მონაცემები ყოველდღიურად განახლდება. დღევანდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდება ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა დღეს, მას ხვალ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში,"- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ლატარიაში ყოველდღე გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე. ყოველკვირეულად 1 000, 5 000 და 10 000 ლარი, ხოლო წლის ბოლოს, შემაჯამებელ გათამაშებაზე, 100 000 ლარი.
ლატარიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა აცრილი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, იმისათვის რომ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ აუცილებელია ერთელ მაინც იყოთ ვაქცინირებული.
თუ თქვენ ერთხელ გაიმარჯვეთ ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. იმ შემთხვევაში, თუ მოიგეთ ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.
1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 - 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.
16 დან - 18 წლამდე აცრილი მოქალაქის ლატარიის ბილეთი და ასევე მოგება გადაეცემა მის მშობელს ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენელს. წარმომადგენლობა უნდა იქნეს დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით
ლატარიის გათამაშებები ვებგვერდზე stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12:00 საათზე გაიმართება, შედეგების ნახვაც ამავე საიტზეა შესაძლებელი. ყოველკვირეული გათამაშება - ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე გაიმართება.