ვაქცინაციის პროცესში სტუდენტების აქტიურობა დაბალია

2021-09-07 14:41:08

"სტუდენტების აქტივობა ვაქცინაციის პროცესში მაღალი არ არის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 25 ათასი აცრა ჩატარდა, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა მიზანი არის 30-35 ათასი აცრა დღეში, რომ სწრაფი მოცვა მოხდეს.

„პედაგოგებში აცრის მაჩვენებელი კარგია, ზოგიერთ სკოლაში თითქმის 60%-ს აღწევს ეს რიცხვი, ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, ყველაფერი შექმნის პირობებს, რომ 4 ოქტომბერს სასწავლო ოთახებში დაიწყოს სწავლა. კიდევ უფრო საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლების დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებთან ერთად, საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება სწრაფად ჩაიტარონ აცრა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მეტი მუშაობაა საჭირო საპრომოციო და საგანმანათლებლო კუთხით, განსაკუთრებით ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობასთან, ვაქცინაციის მიმართულებით.

„ჩვენი მიზანი ახლა არის, რომ 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები მაქსიმალურად ავცრათ და 2 თვეში სრული მოცვა გვქონდეს, რადგან ჰოსპიტალიზაციის რისკი სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე მაღალია“, - განაცხადა გაბუნიამ.