ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის აუცილობლობაზე საუბრობს

2021-08-22 17:57:33

ქვეყანაში საკმაოდ რთული ეპიდსიტუაციაა. ბოლო 3-4 დღის განმავლობაში ძალიან უმნიშვნელო სტაბილიზაციის ტენდენცია შეიმჩნევა, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ატარონ პირბადე, როგორც შიდა ასევე გარე სივრცეში და მოერიდონ დიდი თავშეყრის ადგილებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მასშტაბური შეკრებები აკრძალულია, ზოგიერთ შემთხვევაში, მაინც იმართება, რაც ათეულობით ადამიანის დაინფიცირების რისკს ქმნის.

„ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-5 ათასის ფარგლებში მერყეობს, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა არის მომატებული და ეს შემთხვევათა რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებულია. რაც მთავარია, პროგნოზიც არ არის კეთილსაიმედო, თუ არ იქნება დაცული არსებული რეგულაციები და კიდევ უფრო ინტენსიური არ გახდება აცრების რაოდენობა. პირველ რიგში, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე დახურულ თუ ღია სივრცეებში და მყარად დავიცვათ ეს რეკომენდაცია. მეორე, თავი შევიკავოთ ყოველგვარი დიდი შეკრებებისგან, დავიცვათ დისტანცია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, აკრძალულია, მაგრამ მაინც იმართება სხვადასხვა ფორმით დიდი წვეულებები, შეკრებები სხვადასხვა მიზეზით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ და იცით, რომ ბოლო დღეებში ამ ტიპის სხვადასხვა შეკრებებით ათეულობით ადამიანის ინფიცირების რისკი გამოვლინდა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ასევე, რაც შეიძლება მეტი უნდა ადამიანი აიცრას“, - განაცხადა გამყრელიძემ.