ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, ვისთვის არ არის სასურველი ანალგინის მიღება და რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა ხანგრძლივი დროით მოხმარებამ:
– ანალგინი ძალიან ცნობილი მედიკამენტია. რიგ შემთხვევებში, კარგი წამალიცაა, მაგრამ არის რაღაცები, რაც უნდა იცოდეთ, ვიდრე მას მიიღებთ. ანალგინს ყველაფერზე სვამენ, ეს შეიძლება იყოს ოპერაციისა და ტრავმების შემდგომი ტკივილი, კბილის, თავის ტკივილი, თირკმლისა და ნაღვლის ბუშტის კოლიკა – ყველაფერზე სხვამს ხალხი და ხშირად ექიმს არც კი ეკითხებიან. ეს არ არის სწორი, რადგან ანალგინს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს, რაც თუ არ გაითვალისწინეთ დ არც ექიმმა გკითხათ ამის შესახებ, შეიძლება ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდეს.
ანალგინი თავისი მოქმედებით, არასტეროიდების მსგავსი პრეპარატია, რომელიც ჩვენს თავის ტვინში მოქმედებს სავარაუდოდ ჰიპოთალამუსის მიდამოზე და აქვეითებს პროსტაგლანდინ E2-ის რაოდენობას. ეს რომ შემცირდება, სიცხე დაიწევს, ტკივილიც ყუჩდება. თუმცა ანალგინი, იგივე მეტამიზოლი, რიგ ქვეყნებში საერთოდ აკრძალულია. ხოლო, ზოგან მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გაიცემა. როგორც ვიცი, ჩვენთან ის ურეცეპტო მედიკამენტების სიაში შედის. იშვიათად, მაგრამ მეტამიზოლის მიღებას შეიძლება ახლდეს გვერდითი ეფექტი, რასაც აგრანულოციტოზი ჰქვია. ძვლის ტვინი სისხლის უჯრედებს წარმოქმნის. ამ უჯრედებს შორის ერთ-ერთი ნეიტროფილებია. ანალგინი შეიძლება აქვეითებდეს ძვლის ტვინის მიერ ნეოტროფილების წარმოქმნის უნარს. ნეიტროფილების რაოდენობა ერთ წვეთში შეიძლება დაეცეს 500-ზე ქვევით.
ხოლო, თუ მათი აბსოლუტური უმრავლესობა 500-ზე ქვემოთ დაეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ნადგურდება. ამიტომ, ანალგინმა შეიძლება იმუნური სისტემის სერიოზული დათრგუნვა გამოიწვიოს. იმდენად, რომ მებრძოლი უჯრედების რაოდენობა 0-მდეც კი დავიდეს. როგორც კი ამ უჯრედების რაოდენობა 100 ერთეულს ჩამოცდება, სწორედ ამ პროცესს აგრანულოციტოზი ჰქვია, რაც ძალიან სახიფათო რამეა. ზოგადად, ანალგინის მიღება 3-5 დღეზე მეტხანს არ უნდა გრძელდებოდეს. თუ 3 დღეზე მეტხანს სვამ და სიცხე არ გიწევს, ესეც პრობლემაა და აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან. მაგალითად, გაქვთ შარდის ბუშტის ანთება, სიცხემ აგიწიათ, გტკივათ და ანალგინს სვამთ. შეიძლება აგრანულოციტოზი განვითარდეს. ძვლის ტვინი დაითრგუნოს და ნეიტროფილების წარმოქმნა ვეღარ მოხდეს. ნეიტროფილების დავარდნას სამი დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ტემპერატურა გაიზრდება, დაიწყება კანკალი და გექნებათ ყელის ტკივილი. თუ ეს სამი ნიშანი გამოჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ კლინიკაში, ჩააბაროთ სისხლის ანალიზი და ნეიტროფილების რაოდენობა შეამოწმოთ. თუ ნეიტროფილების რაოდენობა 500-ზე ქვევით დავარდება, ნიშანია, რომ ჩვენს ორგანიზმს აღარ შეეძლება ინფექციასთან ბრძოლა და შეიძლება სეფსისი განვითარდეს. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, როცა დალევთ ანალგინს, კარგად დააკვირდით, გექნებათ თუ არა სიცხის მატება, კანკალი და ყელის ტკივილი. ეს არის ტიპური ნიშნები, რაც მიუთითებს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ანალგინის მიერ ნადგურდება. ანალგინის მიღება ასევე არ არის სასურველი: 65 წელს ზევით პირებში, ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში, მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აქვთ, რადგან ანალგინს შეუძლია, წნევა კიდევ უფრო დააგდოს. ანალგინის მიღება არ შეიძლება მაშინაც, თუ სვამთ კრუნჩხვების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, ან ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ მედიკამენტებს. ან როცა ხართ სისხლის გამათხელებლებზე, სვამთ ანტიბიოტიკებს. ასევე, როცა სვამთ მჟავიანობის დამაქვეითებელ მედიკამენტებს, ანტიდეპრესანტებს. ანალგინის მიღება არ შეიძლება 10 წლამდე ბავშვებში. ყოველთვის შეუთანხმდით ექიმს იმიტომ, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება ძალიან მძიმე რეაქციები გამოიწვიოს.