"რუსთავმა დაგიშავათ რამე?"

2020-06-25 19:05:50

რუსთავმა რამე დაგიშავათ? - ასე მიმართა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც პარლამენტს მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

კირკიტაძემ ღარიბაშვილს ჰკითხა, მის ანგარიშში შესული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე, რატომ ვერ დასრულდა რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა.

"გისმენდით ბატონო პრემიერო და თქვენ ბრძანეთ, რომ მხოლოდ საანგარიშო პერიოდში 600 კმ გზის რეაბილიტაცია მოასწარით და მაგისტრალური გზის 70 კმ გახსენით. მე მინდა გკითხოთ, რუსთავმა დაგიშავათ რამე? იმიტომ, რომ მერვე წელია ხელისუფლებაში ბრძანდებით, 5 ინფრასტრუქტურის მინისტრის შეიცვალა და 17 კილომეტრიანი მაგისტრალური მონაკვეთი თბილისსა და რუსთავს შორის, ვერ მოება თავი და ვერ დასრულდა. ყოველ დღე 5 გრძივი მეტრი საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ეს გზა დასრულებულიყო და სოციალურად ყველაზე ურთიერთდაკავშირებული ქალაქები ყოფილიყო კარგი გზით შეერთებული", - მიმართა კირკიტაძემ ღარიბაშვილს.

ღარიბაშვილმა აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა.

კირკიტაძემ ასევე პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვა გარდაბანში არსებული წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით.

"საუბრობთ ანგარიშში 94-ე გვერდზე, რომ წყალმომარაგების პრობლემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თქვენთვის, მეც გეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, მაგრამ აუდიტის დასკვნას ვკითხულობთ, სადაც წერია, რომ მხოლოდ 2017 წელს დაწყებული პროექტიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა აქვე, ისტორიული სოფლები რომ აკრავს თბილისს, 7 900 000 ლარი დახარჯა და იმ სოფლებს წყალი არ მიეწოდება. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გააფორმა თქვენივე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საუბარია16 მილიონ ლარზე, რომლის მიხედვიტაც ნორიოს, მარტყოფს, ახალსოფელს, ვაზიანს, უნდა ჰქონოდა წყალი დღეს. ძალიან დაფასებული 77 წლის ქალბატონის, იზოლდა აბრამიშვილის სახელით, რომელიც ნორიოში ცხოვრობს, გეკითხებით, სად წავიდა ეს 16 მილიონი ლარი", - მიმრთა კირკიტაძემ ღარიბაშვილს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას კონკრეტული გეგმები აქვს წყალმომარაგებასთან დაკავშირებით და ამაზე მან ვრცლად ისაუბრა სხვა კითხვების საპასუხოდ.