ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე რუსთაველი აქტივისტის, დავით ხუციშვილის მხარდასაჭერად, რუსთავში მსვლელობა მოეწყო.
"თავისუფლება დავით ხუციშვილის" - ამ სლოგანით დღეს რუსთაველი ახალგაზრდის ოჯახის წევრები, მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები გაერთიანდნენ.
დაკავებული აქტივისტის მხარდამჭერები თავდაპირველად კოსტავას გამზირზე შეიკრიბნენ და ფეხით მსვლელობა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრამდე მოაწყვეს.
როგორც შეკრების ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ დღევანდელი აქტივობით სურდათ წარმოეჩინათ დავით ხუციშვილის პიროვნება და საგამოძეიბო უწყებისთვის მიეწვდინათ ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ ის კრიმინალი არაა.
შეგახსენებთ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე რუსთაველი აქტივისტი პოლიციამ 10 ივნისს დააკავა. ის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
საგამოძიებო ორგანო ხუციშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.