თბილისში, ტაქსის მძღოლმა 18 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა. [ვიდეო/video]
როგორც მარიამ ბეგიაშვილი "ინფო რუსთავს" უყვება, მამაკაცმა, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, მის მიმართ სექსუალური შევიწროვება განახორციელა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ქცევით.
უფრო კონკრეტულად, 50 წლამდე კაცი 18 წლის გოგოს მიმართ, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, სექსუალური ხასიათის ფრაზებს იყენებდა, მას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა და ამ დროის განმავლობაში ფიზიკურადაც შეეხო, რამაც ახალგაზრდა ქალს მგზავრობისას დამამცირებელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა.
"თემქიდან ორთაჭალის მიმართულებით გამოვიძახე ტაქსი, 9 საათი იყო, უკვე ბნელოდა. რომ ჩავჯექი ტაქსიში, დაძრა თუ არა მანქანა სახელი მკითხა, ვიფიქრე, ნუ კარგი, სახელი მკითხა და ვუპასუხებთქო. მაგ წამიდან დაიწყო ყველაფერი, მარიამ, ძალიან სექსუალური გოგო ხარო, რომ გამოხვედი და წამოხვედი ჩემი მანქანის მიმართულებით, ლამის გადამეკეტა ისე ცუდად გავხდი, ისეთი მაგარი მკერდი და ტრ..ი გაქვსო. ნუ მანდ უკვე შემეშინდა. პასუხს არ ვცემდი, ის კი მთელი გზის განმავლობაში მისვამდა შეკითხვებს, ნუ აი არაფერზე არ ვპასუხობდი საერთოდ. მერე უკვე ძალიან დეტალებში შევიდა, ძალიან მაგარი მო......ვი გოგო ხარო, ეს მითხრა პირდაპირ.
მოკლე შორტი მეცვა, სადღაც ერთი 10 წუთია რაც ვმგზავრობთ და გამოიხედა, ხელი გადმოყო, მუხლზე ამისვა და მითხრა, რომ ძალიან მინდა უფრო უკეთესად აგათვალიერ-ჩაგათვალიერო და გვერდით გადმოჯექიო. მანდ ისე შემეშინდა, რომ გავშეშდი საერთოდ, ვერც პასუხი ვერ გავეცი, ვერც ეს ხელი ვერ მოვაშორე ჩემს მუხლს და მერე თვითონ აიღო ხელი. აკანკალებული ხმით ვუთხარი, არ მინდათქო და ისევ მთელი გზის განმავლობაში გააგრძელა საუბარი ჩემს ორგანოებზე.
თან უცხო გზებით მიდიოდა, ძალიან შემეშინდა, ვფიქრობდი სადმე არ გადაუხვიოს და არ იძალადოსთქო. ასე პანიკაში ვარ და დავინახე ჩემი სახლის ტერიტორიას მივუახლოვდით, ვიცანი გარემო, ჩავრთე და ჩავიწერე ყველაფერი, სადაც მოისმენთ, რასაც ვპასუხობ და რასაც ვეუბნები. მოთხოვნა ჰქონდა გარდა იმისა, რომ გადავმჯდარიყავი მის გვერდით და უფრო უკეთესად ვეყურებინე, მიმეცა ჩემი ინსტაგრამისა და ფეისბუქის მისამართები, იმიტომ, რომ შენ მანდ უეჭველი შიშველ ფოტოებს დადებ სთორებშიო და მე ვუთხარი მეთქი არ მაქვსთქო. ეს იყო სექსუალურ შევიწროებაზე მეტი", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" მარიამ ბეგიაშვილი.
როგორც გოგონამ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, უკვე მიმართა საგამოძიებო ორგანოს.
აღსანიშნავია, რომ მისივე ინფორმაციით, მამაკაცმა უკვე დატოვა სამსახურიც.
"მივმართე პოლიციას, რადგანაც როცა ვიცი, რომ არსებობს ქვეყანაში ადამიანი, რომელმაც შესაძლოა იძალადოს, ან დააშინოს სხვა ქალები და მას მუშაობა რომ გაეგრძელებინა, მე თვითონ ვიგრძნობდი თავს არაკომფორტულად. მინდოდა, ჩემი ამ ქმედებით სხვა ქალები და თუნდაც ბავშვები დამეცვა მოძალადისგან.
სამსახურიდან გამოუშვეს უკვე და მსგავს პოზიციაზე ვეღარასდროს ვეღარ დაიწყებს მუშაობას.
მოგიწოდებთ, რომ არასდროს დამალოთ, არასდროს თქვათ არაუშავს, თუ მოგაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, თუ ექნება სექსუალურ შევიწროვებას ადგილი, უნდა მიმართოთ გამოძიებას, მოძალადეები უნდა დაისაჯონ სათანადოდ, მინდა, რომ ეს იყოს ქალებისთვის მოტივაცია, რომლებსაც შესაძლოა გეშინოდეთ, რომლებსაც ოდესმე გამოგივლიათ რაიმე ტიპის ძალადობა ან სექსუალური შევიწროვება", - უყვება "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა ქალი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.