რა არის "კონა"? [photo]

2021-02-23 16:00:59

ორიგინალური ნივთების "კონა" პანდემიაში დაიბადა. 2 რუსთაველ გოგონას სურდა "დარჩი სახლში" ნაყოფიერად გამოეყენებინა და ბავშვობის იდეებისთვის ხორცშესხმაც ასე გამოუვიდათ.

საინტერესო სტარტაპის უკან უახლოესი მეგობრები, თინათინ უგრეხელიძე და ქეთი ლობჯანიძე დგანან. ისინი სტუდენტები არიან, თინათინს ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც სოციალური მეცნიერებების მიმართულებით აქვს დამთავრებული და უკვე 2 წელია ჟურნალისტად მუშაობს, ქეთი კი პროფესიით ეკონომისტია.


როგორ აღმოაჩინეს საკუთარი თავი პროფესიებს მიღმა - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" თავად გოგონები უყვებიან.

როდის და საიდან გაჩნდა “კონას” შექმნის იდეა?


თინა: „კონას“ შექმნის იდეა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ორში სულ იყო. მეზობლობის წყალობით, ადრეული ასაკიდანვე ერთად ვიზრდებოდით და ერთად ვქმნიდით ხელნაკეთ ნივთებს. ქეთის დედა მკერავია და მისი მორჩენილი ნაჭრებიდან ჯერ თოჯინებისთვის ვკერავდით სამოსს, შემდეგ ვხატავდით, მძივებით სამკაულებს ვაწყობდით, თმის სამაგრებს ვაფორმებდით, ვქსოვდით, ვქარგავდით და ა.შ გვიყვარდა ხელსაქმე, რომელშიც ჩვენს ბავშვურ ფანტაზიებს ვდებდით. მტკიცედ ვიცოდით, რომ ორივეს სამოსის დიზაინერობა გვინდოდა და ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ბრენდის სახელწოდებაც კი მოფიქრებული გვქონდა.

გაზრდასთან ერთად ზემოხსენებული ინტერესები დაითრგუნა. სულ სხვა პასუხისმგებლობები წამოიწია და შევწყვიტეთ იმაზე ოცნება, რომ ვიპოვიდით ხელსაქმის ჩვენეულ მიმართულებას და ის ჩვენი პროფესია გახდებოდა.

პანდემიამ ისევე როგორც ბევრი, ჩვენც ღრმად დაგვაფიქრა. თვეები ისე გადიოდა, სახლში ყოფნა სულ უფრო მოსაწყენი ხდებოდა. ნაბიჯ-ნაბიჯ გაღვივდა ჩვენში აზრი, რომ უნდა გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც სახლში ყოფნას ასატანს გახდიდა და რაც თვითგამოხატვის საშუალებას მოგვცემდა.

სწორედ ამ მოტივით, 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, ორივემ დავიწყეთ იმის კეთება, რაც შეგვეძლო და ვიცოდით, რომ გამოგვივიდოდა. ბრენდი გავაერთიანეთ სახელწოდების „კონა“ ქვეშ და შევქმენით Facebook და Instagram გვერდები.

რატომ „კონა“?


ქეთი: სიტყვა „კონა“ ჩვენთვის ყველაფერ კარგთან ასოცირდება. გვსურდა, ამ სახელწოდების ქვეშ მოგვექცია ყველა ის სითბოთი და სიყვარულით გაკეთებული ნივთი, რასაც დავამზადებდით. ერთგვარად გვინდოდა, შექმნილიყო ორიგინალური, არაფრისმსგავსი, მთელი გულით შექმნილი ნივთების კონა. მეორენაირად ჩვენ მას ნივთების საამქროსაც ვუწოდებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეალური პროფესიები განსხვავდება ჩვენი საქმიანობისგან, ეს არა ხელისშემშლელი, არამედ ცხოვრების შემავსებელიც კია.

კონკრეტულად რა პროდუქციას სთავაზობს "კონა" მომხმარებლებს?


ქეთი: ჩვენს მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას ვთავაზობთ: მათ შორისაა ხელით მოხატული, დეკორატიული სარკეები, მოქარგული ჩანთები, ბერეტები, საყელოები. სამომავლოდ კიდევ უამრავი იდეა გვაქვს. ასევე ძალიან გვიყვარს, ჩვენი და ჩვენი მომხმარებლის სურვილების გაერთიანება და ორივე მხარისთვის სასურველი პროდუქციის შექმნა.

რა მასალასა და ტექნიკას იყენებთ ნივთების დასამზადებლად?


თინა: ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია დეკორატიული სარკე, რომელსაც მომხმარებლის სურვილის მიხედვით სხვადასხვა ზომაში ვქმნით. სარკე ემაგრება ხეს ზემოდან და იხატება წყალგამძლე, აკრილის საღებავებით.

ასევე, ჩანთებისა და საყელოების შესაქმნელად ვიყენებთ საკმაოდ კარგი ხარისხის ქსოვილს, რათა არა მხოლოდ ნაქარგი იყოს თვალისმომჭრელი, არამედ თავად მათი ხარისხიც იყოს მისაღები, ამას თავად მომხმარებლებიც აღნიშნავენ ხოლმე. ვცდილობთ, ფასი და ხარისხი მაქსიმალურად იყოს ერთმანეთთან თანხვედრაში და მომხმარებლების დიდმა ნაწილმა შეძლოს მოწონებული ნივთის შეძენა.

რა დრო სჭირდება "კონას" ნივთების დამზადებას?


ქეთი: ნივთების დამზადებას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მიაქვს, თითოეული ჩანთის მოქარგვა მოიცავს მინიმუმ 5საათს, სარკეებისთვის დათმობილი დრო კი ზომის მიხედვით განისაზღვრება. პატარა ზომის სარკეები ერთ დღეში, დიდი ზომის სარკეები კი ორ-სამ დღეში მზადდება. თუმცა, კარგი ისაა რომ სასიამოვნო შრომაში დრო მალე გადის.

თუ აწყდებით გარკვეულ სირთულეებს გზადაგზა?

თინა: პანდემიის პირობებში საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს იმ მასალების შოვნა, რომლებიც ნივთების დასამზადებლად გვჭირდება. თუმცა, რეგულაციების შემსუბუქების ფონზე ახლა უკვე ნელ-ნელა მოიხსნა ეს სირთულე.

კიდევ ერთი სირთულეა ის, რომ ამ ეტაპზე სახლებში ვმუშაობთ და არ გვაქვს სივრცე, სადაც ჩვენი საქმიანობისთვის რელევანტურად ვიმუშავებთ. საკმაოდ რთული, არააკურატული და არაკომფორტულიაა სახლში ხატო დიდი ზომის სარკეები. ამას გარდა, ნებისმიერ საქმიანობას ხომ მისთვის შესაბამისი სივრცე სჭირდება, რათა ის ხარისხიანად გაკეთდეს. ამიტომაც, არ ვფიქრობთ, რომ ამისთვის შესაბამისი ადგილი სახლია. თუმცა, სივრცეზე საუბარი ახლა ცოტათი შორი მომავალია და რასაც ვაკეთებთ, ჯერ სახლშიც გამოგვდის.

ცალკე სირთულეს წარმოადგენს ღამით მუშაობაც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ძირითად საქმიანობას დღისით ვახორციელებ, შეკვეთების მზადება ღამღამობით მიწევს ხოლმე. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენს ნივთებში დიდ ენერგიას ვდებთ, ვგულისხმობთ უამრავ ძილს მოკლებულ საათსა და ძალისხმევას.

„კონა“ არაა მხოლოდ ნივთები, ესაა ერთგვარი მომსახურებაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ზომისაა ჩვენი წამოწყება, საკმაოდ ბევრი შეკვეთის ფონზე გვიწევს მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია. არ ვიცი, სირთულეს წარმოადგენს თუ არა ეს, მაგრამ სულ უფრო ხშირად ვეკითხებით საკუთარ თავებს - რამდენად სწორია ჩვენი კომუნიკაცია? რა აჯობებს ბრენდისთვის? ვჯდებით თუ არა იმ ეთიკურ ფარგლებში, რაც გამართულ მომსახურებას სჭირდება? ვფიქრობ, ჯერ კიდევ დასახვეწია ის სტრატეგია, რომლითაც მივდივართ და ალბათ ყველაზე დიდ სირთულეს ამ ეტაპზე ამ სტრატეგიის დახვეწა წარმოადგენს. თუმცა, აუცილებლად მოვახერხებთ ამას.

რა გამოარჩევს ბაზარზე თქვენს პროდუქციას?


ქეთი: ხელნაკეთ ნივთებს ახასიათებს შემდეგი თვისება: მათნაირს სხვაგან ვერსად ნახავთ, სულაც რომ ვინმემ გაიმეოროს, იდენტური მაინც ვერ იქნება, რადგან თავად ჩვენთვისაც კი გამოწვევად იქცევა ხოლმე იდენტური პროდუქციის ხელმეორედ დამზადება. “კონაში” კი ჩვენ დიდ სიყვარულსა და ენერგიას ვდებთ, რასაც ყველა ვერ გაიმეორებს და, ჩვენდა საბედნიეროდ, ამას ჩვენი მომხმარებელი ხედავს და აფასებს.

როგორია ორი მეგობრის სამუშაო გარემო?


ქეთი: ორი მეგობრის სამუშაო გარემო საკმაოდ დიდი სიყვარულითაა გაჟღენთილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი გარშემომყოფები ჩვენს ნივთებს აფასებენ. თითოეული პოზიტიური კომენტარი თუ რეპლიკა ჩვენთვის ერთგვარად პატარა და საყვარელ გარემოს ქმნის, რომელშიც აუცილებლად შედის ყავის დალევის ყოველდღიური რიტუალი და ჩვენი განუსაზღვრელი საუბარი, ამ ყველაფრის ფონზე დრო მალე, სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გადის.

რა ეტაპზეა ამჟამად ბრენდი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


თინა: ჩვენი საქმიანობის დაწყებიდან ორი თვის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ბევრი მომხმარებლის გული მოვიგეთ. ჩვენც არ ვიცით როგორ, მაგრამ საკმაოდ წარმატებით დავამზადეთ ასზე მეტი შეკვეთა და მივიღეთ უამრავი დადებითი შეფასება. კომუნიკაციის და სოციალური მედიის ძალა ხომ იცით და კმაყოფილი მომხმარებლები აქტიურად ავრცელებენ თავიანთ სანაცნობოში ჩვენს ნივთებს და აქედან კიდევ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენით. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ბრენდი დამაკმაყოფილებელ დონეზე დგას, თუმცა, რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი.

სამომავლოდ ვფიქრობთ, სხვადასხვა ნივთის დამატებას, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ და ბრენდის განვითარებაზე ვიზრუნოთ. ჩვენი თვითმიზანი, როგორც ზემოთ ვახსენეთ ისაა, რომ შევქმნათ განსხვავებული, ორიგინალური ნივთების კონა/საამქრო, სადაც თითოეული ადამიანი მისთვის მოსაწონ ნივთს იპოვის და გულს გაიხარებს.

გათბობის ქვაბები