ახალი კვლევის თანახმად, ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის წონის დეფიციტისა და მკვდრადშობადობის რისკების შესამცირებლად ორსულმა ფეხმძიმობის პერიოდში რაციონიდან ყავა სრულიად უნდა ამოიღოს. როგორც ირკვევა, ორსულობისას კოფეინის მოხმარების უსაფრთხო დოზა არ არსებობს. აღნიშნულის შესახებ მეცნიერებმა ჟურნალში BMJ Evidence-Based Medicine გამოაქვეყნებულ ნაშრომში ისაუბრეს.
"დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოფეინის მოხმარება მშობიარობის მინიმუმ ხუთი მთავარი გართულების რისკს ზრდის. ესენია: ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობადობა, ნაყოფის წონის დეფიციტი გესტაციურ პერიოდში ან დაბადებისას, ბავშვთა ასაკის მწვავე ლეიკემია და ბავშვთა ასაკის ჭარბწონიანობა", — მკვლევარები აღნიშნულ დასკვნამდე აქამდე გამოქვეყნებული 1 200 კვლევის ანალიზით მივიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის საზოგადო ჯანდაცვის ოფიციალურ შეხედულებებთან, რომელთა მიხედვითაც, დღეში საშუალო სიძლიერის 2 ჭიქა ყავა (200 მგ) ორსულთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაზე სწრაფი რეაქცია ჰქონდა ყავის მწარმოებელ ინდუსტრიას, რომელმაც მომხმარებელს მოუწოდა, არა კვლევის შედეგები, არამედ საზოგადო ჯანდაცვის აქამდე არსებული რეკომენდაციები გაეთვალისწინებინათ.
როგორც ირკვევა, ორსულთა უმეტესობა კოფეინის მომხმარებელია. ამ ნივთიერებას არა მხოლოდ ყავა, არამედ შოკოლადი, ჩაი, ენერგეტიკული და გაზიანი ტკბილი სასმელებიც შეიცავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ კოფეინის მავნე მოხმარება, შესაძლოა, კავშირში იყოს ზრდის შეფერხებასთან, ახალშობილობის წონის დეფიციტთან, ნაადრევ მშობიარობასა და მკვდრადშობადობასთან. ისინი ორსულებს მოუწოდებენ, რომ დღიურად 300 მგ. ყავაზე მეტი არ მიიღონ.
კლევის ავტორი რეიკიავიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეკ ჯეიმსი გახლავთ. იგი მიიჩნევს, რომ "ამჟამინდელი რეკომენდაცია… არ შეესაბამება ბიოლოგიური და ზოგად-ემპირიული ზიანის დონეს". აღნიშნულის გამო ჯეიმსი თვლის, რომ ამჟამინდელი რეკომენდაციები "რადიკალურ გადახედვას" საჭიროებენ.
აღნიშნული სამეცნიერო მტკიცებულება მიუთითებს, რომ ორსულებმა და იმ ქალებმა, ვინც ორსულობას გეგმავს, კოფეინის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.
პროფესორი ჯეიმსი აღნიშნავს, რომ კოფეინისა და ნაადრევი მშობიარობის შესახებ ჩატარებული ყოველი 9 კვლევიდან 8 მათ შორის არსებულ საყურადღებო კავშირზე მიუთითებს.
მკვდრადშობადობის შემთხვევაში, ყოველი 5 კვლევიდან 4 მაინც გართულებების რისკის ზრდასა და კოფეინს შორის კავშირს ავლენს. მაღალი დოზით კოფეინის მომხმარებელ ქალებში აღნიშნულის რისკი 5-ჯერ უფრო მაღალია. ყოველი 10 კვლევიდან 7 დაბადებისას წონის დეფიციტზე მიუთითებს.
ბრიტანეთის ყავის ასოციაცია ჯეიმსის კვლევაში მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ხედავს.
"ამჟამად არსებული მტკიცებულება ეროვნული ჯანდაცვის სერვისის (NHS) მიერ არის მოწოდებული, რაც ყავისა და ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნებული ყველა კვლევის ყოვლისმომცველ ანალიზს ეფუძნება. აღნიშნული აჩვენებს, რომ ორსულებმა კოფეინის დღიური დოზა 200 მგ-მდე უნდა შეამცირონ. ყავის ამ რაოდენობის მოხმარებისას რეპროდუქციული გართულებების რისკი არ არსებობს. ახალი კვლევა თავისი არსით მიმოხილვით კვლევას წარმოადგენს და იგი რაიმე სახის პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე არ მიუთითებს. ასევე ყურადსაღებია თანდართული ისეთი ფაქტორების არსებობაც, როგორიცაა სიგარეტის მწეველობა და კვებითი დარღვევები. ეს საბოლოო დასკვნის გაკეთებას ხელს უშლის", — განაცხადა ბრიტანეთის ყავის ასოციაციის სპიკერმა.
რა თქმა უნდა, ამ განცხადებას არ ეთანხმება პროფესორი ჯეიმსი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს, რომ აღნიშნული საყურადღებო შედეგების მიზეზი სწორედ ორსულობის პერიოდში კოფეინის მოხმარების რაოდენობასა და ამით გამოწვეული რისკების ზრდაშია.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და მზრუნველობის დახვეწის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NICE) ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის მოხმარების რადიკალური შეზღუდვის რეკომენდაცია სულ რაღაც 2 წლის წინ განაახლა. მანამდე ისინი მიიჩნევდნენ, რომ მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმლის მიღება ნაყოფის ჯანმრთელობისთვის რისკების შემცველი არ გახლდათ.
ახალი კვლევის შედეგებზე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ოფიციალური უწყებების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.