აშშ-ში ორშაბათიდან დაიწყება Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობითვე, პირველი 3 მილიონი ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად გადანაწილდება, რათა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მასზე წვდომა ჰქონდეთ. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, ვაქცინა მომხმარებელს კორონავირუსისგან 95%-იან დაცვას სთავაზობს.
11 დეკემბერს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანული პარტნიორის BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
აშშ-მდე მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია გაერთიანებულ სამეფოში დაიწყეს. დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა ადამიანმა 8 დეკემბერს გაიკეთა.