რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ე.წ. ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები ადგილზე ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, და სკვერის კონცეფციის შემქმნელმა არქიტექტორმა, გიორგი არევაძემ, დაათვალიერეს.
მათ სამუშაოებთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები მისცეს კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც სკვერის რეაბილიტაციაზე მუშაობენ.
"ამ სკვერის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და განსაკუთრებით ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. ქალაქს დაუმტკიცდა ჰაერის მართვის გეგმა და ერთ-ერთი კომპონენტია რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. პროექტის მიმდინარეობის დროს მასში ჩართულები არიან პირები, რომლებმაც მისი კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
მერის თქმით, სკვერის რეაბილიტაცია ივლისის თვეში უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 882 602 ლარი გამოყო. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულია: სკვერის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკებისა და ცხოველების სასეირნო ზონების, ასევე ბავშვების სათამაშო სივრცეების მოწყობა.