ახალგაზრდობის სკვერის რეაბილიტაცია იწყება [photo]

2020-11-05 17:09:16

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული ე.წ. ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ განცხადება რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნულ სკვერში გააკეთა და განმარტა, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. სამუშაოებს შპს ,,სამება ‘’ განახორციელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 654 439 ლარია. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას თქმით, ამ თანხაში "საინტერესო და მიმზიდველ რეკრეაციულ სივრცეს მივიღებთ".

სახელშეკრულებო პირობების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა 240 კალენდარული დღეა. რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და სკვერის რეაბილიტაცია 2021 წლის ივლისის დასაწყისში დასრულდება.

პროექტით გათვალისწინებულია სკვერის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკებისა და ცხოველების სასეირნო ზონების, ასევე ბავშვების სათამაშო სივრცეების მოწყობა. სკვერში ატრაქციონების ზონა მოეწყობა როგორც სკოლამდელი, ისე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. ტერიოტირაზე განთავსებული იქნება სავარჯიშო და დასასვენებელი ზონები (ფანჩატურები), გარდა ამისა, სკვერში მოეწყობა სცენა კულტურული ღონისძიებებისათვის, ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები, დაიგება მწვანე ბალახის კორდი, მოეწყობა სარწყავი სისტემა და ღამის განათება. ასევე, სკვერში განთავსებული იქნება საზოგადოებრივი საპირფარეშოებიც.

შგახსენებთ, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციას და ტერიტორიაზე არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შეცვლას, მიმდებარედ მცხოვრები რუსთაველები წლებია ითხოვენ.