დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 680-ით გაიზარდა.
ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატია.
საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი ბოლო დღეებში საკრებულოში არ დადიოდა. ქალაქში მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიების მიზნით.
კორონავირუსი დაუდგინდა თბილისში, 94-ე სკოლის პედაგოგს. სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
„სასწავლო პროცესი შეწყდა. პედაგოგს კორონავირუსი გუშინ 17:00 საათზე დაუდასტურდა. დღეს ისედაც დასვენებაა. გაგზავნილია წერილი სამინისტროში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან გადასულები“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა ნინო გახარიამ.
მუშაობა შეაჩერა ფოთში „აჭარა ტექსტილმა". ამის შესახებ განცხადება ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ გააკეთა.
მისი თქმით, ფაბრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა.
„გუშინ ლაბორატორიაში გაიგზავნა „აჭარა ტექსტილის" 417 თანამშრომლის ნიმუში. ეტაპობრივად ხდება პასუხების მიღება. 116 პირს დაუდგინდა „კოვიდ 19". „აჭარა ტექსტილმა" მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 350 ადგილობრივია“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
კოვიდ19 დაუდასტურდა თბილისის მერიის თანამშრომელს. აღნიშნული პირი კულტურისა და სპორტის განყოფილებაში მუშაობს. მისი 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ.
პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა „ოქროს ბირჟის“ კლასტერის კონტაქტია. „ოქროს ბირჟაზე“ მისი ოჯახის წევრი მუშაობს.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კლინიკაში მკურნალობს.
„აღნიშნულ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, 10-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ და რამდენიმე დღის შემდეგ ტესტირება განმეორებითაც ჩაუტარდებათ. მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.
კახეთში კორონავირუსი აღმოაჩნდა ყვარლის ხარების ტაძრის 35 წლის მღვდელს.
გასულ კვირაში, სასულიერო პირი იმერეთის რეგიონში, თერჯოლაში იმყოფებოდა მამის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად.
ყვარელში დაბრუნებულმა სასულიერო პირმა მაღალი ტემპერატურის გამო მიმართა ადგილობრივ ცხელების ცენტრს. კორონავირუსზე ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა.
ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სასულიერო პირი ეკლესიასთან არსებულ საცხოვრისში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობს. მასთან კონტაქტში მყოფი 10 პირი თვითიზოლაციაშია და ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას იმ შემთხვევაში აუღებენ, თუ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ.
ინფიცირებულ მღვდელთან კონტაქტში მყოფთა შორის არიან თავად ხარების ტაძრის და სოფელ შილდასთან მდებარე ლომისის ეკლესიის ორი მსახური.