„მშობლები უკვე გაფრთხილებულები არიან“

2020-10-11 16:18:32

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში 4 საბავშვო ბაღის აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამისად ისინი ხვალ არ გაიხსნებიან.

„მშობლები უკვე გაფრთხილებულები არიან“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ხვალ, 12 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე დეტალური განხილვა იქნება.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის N34-ე და N100-ე ბაგა-ბაღებმა თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 12 ოქტომბრიდან სწავლა არ განაახლონ, რადგან თანამშრომლებს კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.