"გლოვოს" თანამშრომლის მოპედი მოიპარეს [video]

2020-10-11 02:05:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა მოქალაქის კუთვნილი მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს. [ვიდეო/video]

გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია "გლოვოს" თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ "აგროჰაბში" შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი მოპედი ადგილზე აღარ დახვდა. შ.გ.-მ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოს მიმართა და კუთვნილი მოპედის ქურდობის ფაქტი დააფიქსირა.

პოლიციამ ნაქურდალი მოპედი ისანი-სამგორის რაიონში იპოვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.