"ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული"

2020-10-08 11:44:12

მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის წინ განაცხადა, საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული და IT მიმართულების კომპანიებისთვის შეიქმნება მექანიზმი.

„დღეს უნდა ვიმსჯელოთ საგადასახადო შეღავათებზე, რომელზეც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ 2019 წლიდან. მაშინ საგადასახადო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, რომელიც დღეს შესაძლებლობას გვაძლევს, კომპანიებს, რომლებსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები.

ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების საშემოსავლო შეღავათები, დაახლობით 5%-მდე მცირდება. რატომ არის დღეს ასე მნიშვნელოვანი? მოგეხსენებათ პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში გლობალური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი. ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ როგორც ქართულ კომპანიებს მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველოდან იმუშაონ. დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და ვიმსჯელებთ რომელი დარგების, რომელი მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად.

პირველ რიგში ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე IT კომპანიები. ეს ორივე მიმართულება უაღესად მნიშვნელოვანია როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის ასევე საქართველოსთვის“, - დასძინა გიორგი გახარიამ.