23 წლის ქალმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, შანტაჟისა და მუქარის გზით, აიძულა გადაეღო სექსუალური შინაარსის ვიდეომასალა - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" თაღლითობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატმა ანი კეკენაძემ განუცხადა. საუბარია, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მიერ, უცხოელი ბიზნესმენსთვის, სექსუალური ხასიათის ვიდემასალით დაშანტაჟებასა და თანხის გამოძალვაზე. [ვიდეო/video]
ე.ნ-ს უფლებადამცველის თქმით, მამაკაცმა არ იცოდა, რომ 23 წლის ქალი მას ვიდეომასალის გადაღებას შემდგომ შანტაჟისა და ფულის გამოძალვის მიზნით სთხოვდა.
"ქალბატონმა თამარმა ბატონ ელვარს უთხრა, რომ მას მოუკლავდა შვილს, აღნიშნული მუქარებიდან გამომდინარე, ელვარი იყო ძალიან შეშინებული და დასტრესილი, ვინაიდან არაერთხელ ყოფილა ქალბატონი თამარისგან ძალადობის მსხვერპლი. სწორედ ამიტომ, ჰკითხა, თუ რაში სჭირდებოდა თამარს დახმარება, რაზეც მან უთხრა, რომ ჰყავდა უფროსი , ჩინეთის მოქალაქე, რომელიც მას ავიწროებდა სექსუალურად. თამარს სურდა, რომ აღნიშნული შევიწროების კადრები გადაეღო ელვარს, რათა შემდეგ მიემართა პოლიციისათვის და ჩამოეშორებინა ეს მამაკაცი. ელვარს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ თამარი აღნიშნული ვიდეომასალით ჩინეთის მოქალაქის დაშანტაჟებას აპირებდა", - განაცხადა ანი კეკენაძემ.
კეკენაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ე.ნ.-მ კადრები გადაიღო, კომუნიკაცია ყოფილ ცოლთან აღარ ჰქონია.
"აღნიშნული კადრები გადაუგზავნა ქალბატონ თამარს, რის შემდეგაც მათ შორის ურთიერთობა შეწყდა. თამარმა ის ყველა სოც. ქსელში დაბლოკა. როგორც თამარის ჩვენებიდან ირკვევა, მან დამოუკიდებლად წარადგინა აღნიშნული ვიდეომასალა ჩინეთის მოქალაქესთან და მას 15 000 დოლარის გადახდა მოსთხოვა", - განაცხადა მამაკაცის ადვოკატმა.
როგორც დაკავებული 23 წლის ქალის ადვოკატი ნანა ჯახუა აცხადებს, მისი დაცვისქვეშმყოფი თ.ე. ბრალს აღიარებს, თუმცა, ამბობს, რომ თანხა მას უფროსმა სექსუალური ხასიათის ვიდეოს სანაცვლოდ თავად შესთავაზა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სრულად აღიარა დანაშაული. ისიც და მისი დედ-მამაც მუშაობდნენ აღნიშნულ ქარხანაში, რომლის 50%-იანი წილის მფლობელიც არის დაზარალებული. როგორც ვიცი, უფროსი მის მიმართ სიმპატიით განეწყო და ავიწროებდა. მაქედან განიზრახა ვიდეოს ჩაწერა თამარმა, რომ ეს კაცი მოეშორებინა. გადაიღო ვიდეო, რომელზეც უბრალოდ შიშვლები არიან ასახულები და უთხრა, რომ აჩვენებდა მის ცოლს, ამის შემდეგ კი თავად დაზარალებულმა შესთავაზა ფული კადრების სანაცვლოდ", - აცხადებს ნანა ჯახუა ადვოკატი.
ადვოკატი მამაკაცის უფლებადამცველის ბრალდებების საპასუხოდ ამბობს, რომ ცოლ-ქმარს იდეალური ურთიერთობა ჰქონდა და საქმეში აღებული თანხაც გაინაწილეს.