“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი მკაცრ საკარანტინე ზონად გამოცხადდა. სავარაუდოდ, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ცოტა ხანში გაკეთდება.
გადაწყვეტილების თანახმად, შეიზღუდა სოფელში შესვლა და გამოსვლა. სოფლის მოსადგომებთან მობილიზებულია სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა, რომლებიც გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სოფელში შესვლა-გამოსვლის საშუალებას არავის აძლევენ.
“ინფო რუსთავი” გარდაბნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს ესაუბრა, რომელმაც განგვიცხადა, რომ სასურსათო მაღაზიების მომარაგებაში მომუშავე ავტომობილებს სოფლის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა არ შეეზღუდებათ. სხვა გამონაკლისების შესახებ ჯერჯერობით “ინფო რუსთავს” ინფორმაცია არ აქვს.
სოფლის ჩაკეტვის მიზეზი ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, ადგილობრივების მხრიდან სამედიცინო პერსონალისადმი დაუმორჩილებლობა გახდა.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც სოფლის ჩაკეტვასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა, “ინფო რუსთავს” განუცხადა კიდეც, რომ კორონავირუსის არსებობის არ სჯერა.