„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას აკეთებს. საუბარია, რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში მუშის დაშავების ფაქტზე. გეგელია აცხადებს, რომ ქვეყანას შრომის ინსპექციას აღსრულების ადეკვატური მექანიზმი არ გააჩნია.
"შემზარავია, რომ ეს პრობლემა, რომელიც მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში დგას, ჯერ კიდევ არ გადაჭრილა. ეს იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკური კლასი, სამწუხაროდ, არასდროს არ ინტერესდება არცერთი არსებითი სოციალური პრობლემით, რომელიც ქვეყნის საზოგადოებას გააჩნია და ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ყოველკვირეულად ეწირებიან იმას, რომ ქართული პოლირტიკური კლასი არის გულგრილი, რომ არავის ადარდებს ადამიანის ბედი ამ ქვეყანაში. ჩვენ გვევალება, რომ გვქონდეს ადეკვატური შრომის კოდექსი, ჩვენ გვევალება, რომ შრომა იყოს დაცული ამ ქვეყანაში და ეს არც ამ ხელისუფლებას და არც წინა ხელისუფლებას არ ადარდებდა. შედეგად მივიღეთ, რომ 2011 წლიდან დღემდე შრომის დროს 400-ზე მეტი დასაქმებული დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი დაშავდა. ჩვენ შრომისას ვკარგავთ ჯანსაღ ადამიანებს, რომლებიც მიდიან იმისათვის, რომ ოჯახები გადაარჩინონ, ხვალინდელი დღე ჰქონდეთ და სანაცვლოდ კარგავენ სიცოცხლეს, სახიჩრდებიან და უბედურად ატარებენ დანარჩენილ წლებს. როგორც კი "ლელო საქართველოსთვის" მოვა ხელისუფლებაში, პირდაპირ 150 დღის თავზე, სამუდამოდ ამ ქვეყანაში შრომა იქნება დაცული და ღირსეული თავისი სწორი ანაზღაურებთ, უსაფრთხო გარემოთი და ადამიანური პირობებით. რაც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს, ეს არის ბატონყმობა ჩვეულებრივი", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.